ვრცელდება უმძიმესი კადრები, რომლებშიც ჩანს ქუჩაში დალაგებული, შავ ტომრებში მოთავსებული ათეულობით ცხედარი - რას ჰყვებიან თვითმხილველები ირანში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე
უკვე მესამე კვირაა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება, რომელმაც მსხვერპლის გარეშე არ ჩაიარა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია გათიშა, ქვეყანაში არსებული ვითარების ამსახველი ინფორმაცია მსოფლიოში ფრაგმენტულად ვრცელდება.
CNN-მა ირანის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გადაღებული ვიდეოების მოპოვება შეძლო, რომელიც მძიმე საყურებელია. ერთ-ერთი ვიდეო ასახავს თეირანის სამხრეთით, კაჰრიზაკის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დროებით მორგთან არსებულ ვითარებას.
უმძიმეს კადრებში ჩანს, ქუჩაში დალაგებული, შავ შავ ტომრებში მოთავსებული ათეულობით ცხედარი. შეკრებილები კი ცხედრებს შორის საკუთარი ოჯახის წევრის ან ნათესავის ამოცნობას ცდილობენ. კადრები სავარაუდოდ კვირის დასაწყისში არის გადაღებული.
ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ცდილობს შეკრებილი ხალხი მონიტორზე გამოსახული ცხედრის ამოცნობას.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაწესებულებაში დაახლოებით 250 ცხედარია.
აქტივისტების ჯგუფმა "მამლეკატეჰმა“ შაბათს განაცხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში მიტანილი ცხედრების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მათ ეზოში აწყობდნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, საპროტესტო აქციაში მონაწილე ასეულობით მოქალაქე “ტერორისტებმა“ მოკლეს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები მგლოვიარეებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ავრცელებენ. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც იატაკზე შავ პარკში გახვეული ცხედრის გვერდით ზის, ცრემლმორეული უყვება სახელმწიფო მედიის რეპორტიორს, რომ მის საყვარელ ადამიანს შენობის სახურავიდან თავში ქვა ესროლეს.
შემდეგ სახელმწიფო მედიის რეპორტიორი კამერისკენ ბრუნდება და ამბობს, რომ დაღუპულებს შორის არიან ისეთი მომიტინგეებიც, რომლებიც “უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებას ცდილობდნენ და შესაძლოა, იარაღი გამოიყენეს“. განაგრძეთ კითხვა