მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად რუსთავის ქალთა კოლონიასთან აქცია გაიმართა
„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი დაკავებიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები: „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“.
აქციის მონაწილეებმა სანთლებით, ასფალტის საფარზე გამოსახეს წარწერა ,,თავისუფლება მზიას".
ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
ვიდეო: Mariam Nikuradze