"მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა" - რას აცხადებს საქმის პროკურორი?
მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, - ასე შეაფასა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, თამარ ბეჟუაშვილმა ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადება, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე „გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის“.
„ეს შეფასების საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. მან თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა ამაზე მსჯელობა და სრულიად ლოგიკური არის ამ საკითხზეც სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
როგორც მან განმარტა, ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება საკითხის შეფასება, თუ რა შეღავათი შეიძლება ჰქონდეთ.
„თქვენ ხედავთ ბრალდების მხარის მიდგომებს, პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდავოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება. ამ შემთხვევაში, ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება კონკრეტული საკითხის შეფასება. თუ ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მათმა ადვოკატებმა სამართლებრივი ფორმა ძალიან კარგად იციან, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა.