"ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მის ვაჟსაც" - უმძიმესი დანაშაულის დეტალები კლასელებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
გარდაბანში, სოფელ ყარათაკლიაში 5 იანვარს თანაკლასელებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია ერთი პირი, დაჭრილია ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება რესტორანში, ქორწილის სუფრაზე მოხდა, შემდგომ ჩაიხანაში გაგრძელდა, შემდეგ კი უმძიმეს დაპირისპირებაში გადაიზარდა. დანაშაულს თვითმხილველები ჰყავს.
"ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოგვიანებით, აიდინ მამედოვის შვილები ავტომობილით ფაილ ალიევის სახლთან მივიდნენ და თავს დაესხნენ. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს, სავარაუდოდ, ფაილ ალიევის ვაჟმა ორი ადამიანი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, აიდინის შვილმა ავტომობილით 51 წლის ფაილ ალიევს გადაუარა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დაშავებულები რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს," - ამბობს ადგილობრივი.
შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. დანაშაულის დეტალების გარკვევა სოფელში ვცადეთ, მაგრამ მომხდარზე საუბრისგან თავი შეიკავა მერის წარმომადგენელმა: “არ ვიცი დეტალები რა მოხდა. ვიცი, რომ ფაილ ალიევი არის სოფელ ყარაჯალიდან, აიდინ მამედოვი არის ჩვენი სოფლის მცხოვრები, რატომ მოხდა, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით”, - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ყარათაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ელნურ გარიბოვი.
თუმცა ერთ-ერთი ადგილობრივი მომხდარის დეტალებს გვიამბობს. მან ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა:
- მოკლულია ფაილ ალიევი. როგორც ვიცი, დაპირისპირება აიდინ მამედოვსა და მოკლულს - ფაილ ალიევს შორის რესტორანში დაიწყო. ისინი თანაკლასელები იყვნენ და ერთმანეთს შეხვდნენ იმ დღეს ფაილის ნათესავის ქორწილში. ამ სუფრიდან გადასულან სხვაგან, იქ თურმე ჩაის სვამდნენ, ნასვამები იყვნენ ორივე. ფაილი მანქანის გარეშე ყოფილა და დაურეკავს თავის ბიჭთან, - მოდი, შვილო, წამიყვანეო. მითითებულ ადგილას მივიდა მანქანით ფაილის ვაჟი და თურმე იქ შეაგინა აიდინმა მეგობრის, ფაილის შვილს. მამამ უთხრა, - რატომ შეაგინე ჩემს ბიჭს, შვილის ტოლა ბიჭს რომ აგინებ, არ გრცხვენიაო, ამის შემდეგ მამასაც შეაგინა თურმე და მოხდა მათ შორის კონფლიქტი. ამის შემდეგ მამა-შვილი ალიევები მოვიდნენ სახლში, ფაილი არის სოფელ ყარათაკლიიდან, მაგრამ სიძეა ყარაჯალელების. მათი საცხოვრებელი სახლის ტერიტორია ეკუთვნის სოფელ ყარათაკლიას. შვილმა მამა მოიყვანა სახლში, მაგრამ ამის მერე ფაილის სახლში მოვიდნენ აიდინის შვილები, ანუ ისინი მოუვარდნენ ამათ ოჯახს. ამბობენ, რომ მანქანით ხუთი ადამიანი მოვიდა და აქ მოხდა კონფლიქტი. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი სახლში შევარდნენ, იქ მოხდა დაპირისპირება და ფაილის სახლიდან ჭიშკრის გარეთ ძალით გაიყვანეს თურმე მოჩხუბრები და ამ დროს მოხდა დაჭრაც. აიდინის შვილები დაჭრეს, ამ დროს მოსულა მანქანით აიდინ მამედოვის კიდევ ერთი, მესამე ბიჭი თავისი მანქანით, თავისი ძმების დასახმარებლად და ქუჩაში გასულ ფაილის თავისი სახლის წინ მანქანით გადაუარა. მანქანა დააჯახა მის ვაჟსაც.გააგრძელეთ კითხვა