"ჩემს სისხლში მედო პირდაპირ თავი... ყველა მირტყამდა, ვისაც არ დაეზარა" - რას ჰყვება 20 წლის ლუკა თოფჩიშვილი?
"ყველა მირტყამდა სამმართველოში... ყველა ვისაც არ დაეზარა... ჩემს სისხლში მედო პირდაპირ თავი" - 20 წლის ლუკა თოფჩიშვილი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. მის კომენტარს ტელეკომპანია "თრიალეთი" ავრცელებს".
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თოფჩიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლუკა თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ გორში მასზე რამდენიმე სამართალდამცველმა იძალადა, აღნიშნულ ბრალდებას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიმდინარე წლის 3 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
დაკავების პროცესში, შემთხვევის ადგილზე, მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება. სამწუხაროდ, ბოლო დროს, კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.