როგორ კურნავდა მამა აკაკი ლოცვით სულიერი და ფიზიკური დაავადებების მქონე ადამიანებს
თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე) გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთავის სიონის გვერდზე ვრცელდება.
Palitravideo გთავაზობთ 2018 წლის ინტერვიუს მამა აკაკისთან, რომელიც ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნდა.
მამა აკაკი (მელიქიძე) უამრავი ადამიანის იმედია. როცა მოძღვარი კვეთებულს კითხულობს მეტეხის ტაძარი სავსეა ადამიანებით, რომლებიც იქ საკუთარმა თუ ახლობელი ადამიანების სულიერმა თუ ფიზიკურმა ტკივილმა მიიყვანა. ეს ლოცვა მათ განკურნებაში ეხმარება.
მამა აკაკი: კვეთებულის ლოცვა არის ზეციდან უფლის მადლის მოწვევა. ამ დროს უშუალოდ უფლის ძალისხმევით ხდება ადამიანებისგან ბოროტ სულთა განდევნა და ადამიანების, როგორც პიროვნებების, გათავისუფლება. ეს ბოროტი ძალა შეიძლება, უფლის მიერ იყოს დაშვებული ადამიანზე, იმისთვის, რომ ის ბრალშია, მოუნანიებლადაა და როდესაც გონს მოეგება, თვით უფალი ათავისუფლებს მისი ზეგავლენისგან. კვეთებული შუამდგომლობის აღძვრაა ღვთის წინაშე ბოროტი სულით შეპყრობილი ადამიანებისათვის, კვეთებულები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანები უფალმა გაწმინდოს. ისინი თანდათან თავისუფლდებიან. საჭიროა მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება, მაზიარებლობა, მარხვა, ლოცვა. თუკი ადამიანი ასე ცხოვრობს, მისი აქტიურობიდან გამომდინარე, მალევე დადგება მისი განწმენდისა და გათავისუფლების დრო.
– ვინ როგორ რეაგირებს კვეთებულის ლოცვაზე და რით არის ეს გამოწვეული?
– ეს ლოცვა ისე არის შედგენილი, რომ მასში ღმერთი იდიდება, ღმერთის ძალა გამოიწვევა. ამ ლოცვაში მოხსენიებულია უფლის მიერ ჯოჯოხეთის შემუსვრა და ამდენად ადამიანები, ვისშიც ბოროტი სულებია შესული, ვერ ითმენენ უფლის ძალას და სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ. შეიძლება, გულყრა დაემათოს და დაბლა დასცეს. როგორც სახარებაშია აღწერილი, უფალმა შერისხა ბოროტი სული და განდევნა. ის, როგორც მკვდარი ისე იქმნა. დაცემა ამ ადამიანებისგან ბოროტი სულის გასვლას ნიშნავს. ზოგი სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემს, აგრესია აქვთ სიწმიდეების მიმართ და უღირს რამეებს ამბობენ, რადგან ჯვარი და ხატი მათი შემმუსვრელია. ამიტომ ებრძვიან და ვერ იტანენ. მათ დანახვაზე მეტად მძვინვარდებიან და რაც უფრო მეტი დარტყმა მიადგებათ, გრძნობენ, რომ მათი აღსასრული მოახლოვდა და იბრძვიან, რომ ამ ადამიანში გააგრძელონ არსებობა. მათთვის ხორციელი ადამიანები სახლებია, რომელთა საშუალებითაც გადაადგილდებიან და სხვადასხვა ქმედებების ჩადენა შეუძლიათ. ადამიანებში მსუბუქად გრძნობენ თავს და როცა მათი სხეულიდან იდევნებიან, მათ მიეთითებათ – „წავედ იქ, სადაც ჯოჯოხეთი და სატანჯველია“. რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ იმ სატანჯველში არ მოხვდნენ.განაგრძეთ კითხვა...