"რანაირი რეჟიმი იყო ჩემი, როცა ერთხელ პრეზიდენტობიდან გადავდექი და რამდენიმე წელიწადში ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი" - მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმრო დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს:
"TV1- ის "რეაქციაში" ორმაგი გვარის მქონე თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, გუშინ ისევ საუბრობდა "სააკაშვილის რეჟიმის" დროს "წამებებზე", თურმე "შევარდნაძის რეჟიმის" დროს კორუფცია იყო და ჩემს დროს "წამება". ჯერ ერთი, შევარდნაძის დროს იყო სამეგრელოში, მის თვალწინ რომ დახვრიტეს ხალხი. ადამიანები მასობრივად ცვიოდნენ პოლიციის მე-6 სართულიდან, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, შევარდნაძის მთავრობასაც არ შეიძლება ეწოდოს რეჟიმი და მითუმეტეს ჩვენ. რანაირი რეჟიმი იყო ჩემი, როცა ერთხელ პრეზიდენტობიდან გადავდექი და რამდენიმე წელიწადში ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი უფრო ფართო დაკვირვება. უმეტესი ნაწილი ჩვენი კრიტიკოსების თავის დროზე მუშაობდა ბადრი პატარკაციშვილთან. ამ ხალხის უმეტესობამ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ხოლო ნაწილი აგრძელებს ძველებურად, ხოდა მინდა ვკითხო - რით სჯობდა ბადრი პატარკაციშვილი ივანიშვილს? ჩემი პასუხია, რომ არაფრით. ორივე ერთი მიზნით იყო საქართველოში ჩანერგილი და ეს იყო ქვეყანაში სახელმწიფოს შექმნის არ დაშვება და რა თქმა უნდა, ორივესთვის, ამ საქმის მისაღწევად გადამწყვეტი იყო ჩემი მოშორება, მათ შორის ტყუილების გავრცელებით.სამწუხაროდ ტყუილების ტირაჟირება ნაწილობრივ ოპოზიციურ არხებზეც გრძელდება, რაც ძალიან აზიანებს ჩვენს ბრძოლას," - წერს მიხეილ სააკაშვილი.