განათლების სამინისტრო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - შეძლებენ თუ არა მომავალი წლიდან აბიტურიენტები ერთზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევას?
განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
"აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კითხვებზე პასუხისას გაბისონიამ განაცხადა:
"დღეს არსებული მოდელის მიხედვით, როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, მესამეში, მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, რომ ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით.
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე პერიოდში, იმაზე მოკლე პერიოდში, ვიდრე განათლების სისტემაში შეიძლება რომ მოდელი განსაზღვრო, პირველადი შედეგები ნამდვილად გვექნება, რადგან იქ მოხვდებიან მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის აბიტურიენტები"...