კონსტანტინე ჩახუნაშვილი ლევან რატიანს მიმართავს - "თქვენ რომ არ გაგიგიათ, ეგ არაფერს არ ნიშნავს..."
ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის მასალასთან დაკავშირებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებას ეხმაურება.
"ბატონ ლევან რატიანს (ვერ მოვთაგე და გააზიარეთ იქნებ მივიდეს მასთან) შეუცხადნია, რომ პოლიტიკური დისკურსი არ უნახავს სამეცნიერო ნაშრომში და პირველად ნახა.
ბატონო ლევან, აგერ 4 შრომა, 4-ივე Q1 ჟურნალში და ოთხივეს თანაავტორი/ავტორი ვარ მე:
1. https://link.springer.com/article/10.1186/s12889-024-18215-4
2. https://link.springer.com/article/10.1186/s12889-024-20133-4
3. https://link.springer.com/article/10.1186/s40359-025-03441-1
4. https://academic.oup.com/…/article…/47/4/e678/8248879
თქვენ რომ არ გაგიგიათ, ეგ არაფერს არ ნიშნავს.
ასევე კითხვა Q1 დონის ჟურნალში კვლევა როდის გამოაქვეყნეთ ბოლოს?" - წერს ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
როგორც ლევან რატიანმა BBC-ის მასალასთან დაკავშრებით განაცხადა, მან პირველად ნახა, რომ სამეცნიერო სტატია პოლიტიკური მიმოხილვით იწყება.
"ამდენი წელია მედიცინაში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია მედიცინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ" - ამბობს ლევან რატიანი.
BBC-ის ცნობით, საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.