"რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ამ გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს, ამ დროს კი ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები, სრულ მდუმარებაში არიან" - რას წერს ინფექციონისტი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ეხმაურება BBC-ის საგამოძიებო მასალას, რომელში აღნიშნულია, რომ 2024 წელს, თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებისას, ქართულმა პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ შესაძლოა გამოიყენა “კამიტი“ - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საბრძოლო ნივთიერება.
"რანაირ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ამ გაზზე და მის დამაზიანებელ ეფექტზე მსჯელობს. ჯანდაცვასთან საერთოდ კავშირში რომ არ არიან, ისეთი ადამიანებისთვისაც კი ახლა მთავარი თემა ეს არის. ამ დროს კი ჯანდაცვის სამინისტრო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრუქტურები, რომლებიც ზუსტად იმიტომ არსებობენ ჩვენი გადასახადებით, რომ საზოგადოების ჯანმრთელობაზე იზრუნონ, სრულ მდუმარებაში არიან: (ზუსტად ვიცი, რომ იქაც ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, ვისაც ძალიან აწუხებს ეს საკითხი, ზოგი ინდივიდუალურად ღიად გამოთქვამს აზრს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც შემაწუხებელი დუმილია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზანია პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა და გაუმჯობესება. ჰოდა, როცა ჩვენი საზოგადოების ამხელა ნაწილი ასეთი მნიშვნელობის გარე ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ იყო შარშან თითქმის ერთი თვის მანძილზე და ახლა ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ვისაც ამ პოპულაციის ჯანმრთელობის დაცვა ეხება, იმათ არ აქვთ შეკითხვები და პირველ რიგში ისინი არ უნდა ცდილობდნენ, პასუხები მიიღონ ამდენ ლეგიტიმურ შეკითხვაზე?",- წერს ბუწაშვილი.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა. BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.