loader

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა?

სამწუხაროდ, BBC - ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, - ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში“.

„სამწუხაროდ, BBC, რომელიც თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია იყო, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შს მინისტრი და სამინისტრო. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში. თუმცა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, ამ შემთხვევაში BBC-მ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. როცა BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და შსს კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.