2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება
სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი თავდაპირველ (ასევე მეორედ გადამუშავებულ) ვარიანტთან შედარებით 91.192 მლნ ლარით არის შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ გათვალისწინებული იყო 113.3 მლნ ლარი, საბოლოოდ გადამუშავებულ პროექტში კი თანხა 21.613 მლნ ლარამდე მცირდება, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებული ვარიანტის განმარტებით ბარათში. განაგრძეთ კითხვა>>>