სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა - მუნი ფიქსირდება, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე მოზარდებშიც
სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. მუნი ფიქსირდება, როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე მოზარდებშიც. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
„სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გასულ კვირას განუცხადეს, რომ მუნის შემთხვევა არ იყო ოფიციალურად დაფიქსირებული.
დღეს, 14 ნოემბერს ჩვენ ვესაუბრეთ „ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის“ ექიმ-დერმატოლოგ თამილა უძილაურს. როგორც მან განგვიცხადა, შემთხვევები დაფიქსირდა.
„შედარებით იმატა მომართვამ. ადრეც ფიქსირდებოდა ახლაც ფიქსირდება. ზუსტად არ ვიცი სტატისტიკურად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ არის ბავშვებშიც და დიდებშიც. ასეთი შემთხვევები იყო საპანიკო არაფერია“,- განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ თამილა უძილაურმა.
რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტს, ჩვენ ვესაუბრეთ, როგორც ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელს, მანანა რატიანს, ასევე ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ხარაზიშვილის, მათ დაგვიდასტურეს მუნის დაფიქსირების შემთხვევა მუნიციპალიტეტში.
ხათუნა ხარაზიშვილის თქმით, მუნით დაავადდა ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე.
ახალციხის და ბორჯომის მსგავსად, მუნის შემთხვევა დაფიქსირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა, სირანუშ ტონაკანიანმა განგვიცხადა, რომ ორი შემთხვევა სოფელ ჩუნჩახში დაფიქსირდა, ორივე პაციენტი ამჟამად განკურნებულია.