რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მომიტინგეებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა - დააკავეს ერთი პირი
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტთან გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რა დროსაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. მათ პარლამენტის წინ კორდონი შექმნეს, რათა მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე არ გადავიდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “სიმართლისთვის ბოლომდე, სამშობლოსთვის ბოლომდე”.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი თავისუფალია და მოქალაქეები პროტესტს ტროტუარზე განაგრძობენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.