"როგორ ავუხსნა შვილებს, რატომ ვერ ნახავენ, თუნდაც 2 თვეში, სრულიად უდანაშაულო მამას, რასაც მაისიდან მოყოლებული მოუთმენლად ელოდებიან?" - რას წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე?
„ნაძირალები! არც აპირებენ ამ ადამიანების გამოშვებას. როგორ ავუხსნა შვილებს, რატომ ვერ ნახავენ, თუნდაც 2 თვეში, სრულიად უდანაშაულო მამას, რასაც მაისიდან მოყოლებული მოუთმენლად ელოდებიან? ტოტალიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!“, - წერს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლი, ნატა ქორიძე.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა.
აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად. გარდა აღნიშნულისა, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. მუხლი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.