როგორ ეხმაურება ელენე ხოშტარია პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას
დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი. დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
მისივე თქმით, პროტესტში ძალიან აქტიური იყო და იქნება.
„დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი.
დიახ, „რუსული ოცნების“ სანქცირებაზე ინტენსიურად ვმუშაობდი და ვიმუშავებ. ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2002 წლიდან ვმუშაობ რუსეთის წინააღმდეგ.
დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები. წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით.
პ.ს. ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა. ბოლომდე!“,- წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გიორგი გვარაკიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე.