რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გაიხსნა - მომიტინგეების ინფორმაციით, მიმდებარედ პოლიცია იდენტიფიცირებისთვის მოქალაქეებს აჩერებს
რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარალელურად პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს აჩერებს იდენტიფიცირებისთვის. ასევე, მომიტინგეების თქმით, შსს-ს წარმომადგენლის მხრიდან დაიწერა შესაბამისი ოქმებიც.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა 20:00 საათის შედეგ სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციამ მათ გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა მომიტინგეები მოთხოვნა არ შეასრულეს.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან 18 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით 14 პირი დააკავეს, ხოლო 13 პირის მიმართ საქმის წარმოება მიმდინარეობს. შსს-ს თანახმად, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე.