ცნობილია მამაკაცის ვინაობა, რომელიც ბზიკის კბენის შედეგად გარდაიცვალა - "სოკოს საკრეფად წასულა, იქ უკბენია კრაზანას და ადგილზეა გარდაცვლილი"
სოფელ ჭოგნარში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ - როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, სოკოს საკრეფად წასული კაცი ბზიკებმა დაკბინეს, რის შემდეგაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
"თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.
შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს გამთენიისას მოხდა.
გაფრთხილება: ტყეში გასვლისას იქონიეთ მედიკამენტი დექსამეტაზონი", - წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში.
"ძალიან კარგი ადამიანი იყო ზაზა, ჭოგნარიდან არის მისი მეუღლე, სიძეა იქაური, თვითონ ნახშირღელედან იყო. ზაზა ბრეგაძე, ჩემი კარგი მეგობარი და ეს თავზარდამცემი ამბავი ახლა გავიგე. ძალიან კარგი ოჯახი აქვს. თვითონ თბილისში მუშაობდა. როგორც გავიგე, ტყეში წასულან სოკოს საკრეფად.
იქ უკბენია კრაზანას და ადგილზეა გარდაცვლილი. ძალიან დიდი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის. ძალიან განვიცდი ამ ამბავს. ახლა გავიგე და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. 48 წლის იყო ზაზა" - ჰყვება "ამბები.ge" თან ოჯახის ახლობელი.