“სამართებლით დაუჭრია - სკოლაში არც სასწრაფო გამოუძახიათ, არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები 12 წლის მოზარდებს შორის მომხდარ სისხლიან გარჩევაზე
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი თანატოლმა ბასრი იარაღით დაჭრა.
როგორც ადგილობრივები “ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში აცხადებენ, მეექვსე კლასის მოსწავლე თანატოლმა სამართებლის პირით დაჭრა.
მოზარდს ნაკერები დაადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივების თქმით, ფაქტი სკოლაში მოხდა.
“მასწავლებელი გვაშინებს, გვაძლევს ნაჭრებს, გაწმინდეთ ფანჯრები, მაგიდებიო. ნაგავს გვაყრევინებს. თუ არ გაწმენდ, ყვირილით გვემუქრება ცემით. ერთხელ ბეჭედი ეკეთა ხელზე და თავში ჩამარტყა, სახეშიც შემოურტყამს,“ - ჰყვება სოფელ ფერმის სკოლის მოსწავლე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
“ჩხუბი მოხდაო, ბავშვს-ბავშვი დაუჭრია სამართებლით. არ მინდა, რომ ხვალ ჩემ ბავშვს მოუვიდეს ასე. ამ ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე ვითხოვო დახმარება. სკოლაში არც სასწრაფო გამოუძახიათ, საერთოდ არაფერი რეაქცია არ ჰქონიათ. სკოლაში ხშირად ხდება ჩხუბი.
"ვთხოვ მთავრობას რომ მოვიდნენ სკოლაში და საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება,“ - ჰყვება ადგილობრივი.