ირაკლი ნადირაძისთვის პატივია, იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე, პატივია რუსი ავტორიტარული რეჟიმის დამხობის ბრალდებით გასამართლება - ირაკლი აბესაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დაკავებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, დაკავებული პოლიტიკოსისთვის დამხობის ბრალდებით გასამართლება პატივია.
რაც შეეხება ბრალდებას, ადვოკატის შეფასებით, „ეს იქნება მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს“.
„შევხვდი ირაკლი ნადირაძეს. მისი პოზიცია არის, რომ როდესაც ხელისუფლებაში გვყავს რუსი ავტორიტარული რეჟიმი, მისი დამხობის ბრალდებით გასამართლება მისთვის არის პატივი. პირველ რიგში, მას უნდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოს საზოგადოების იმ აქტიურ ნაწილს, იმ ასი ათასობით მოქალაქეს, რომელიც გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო, მადლობა გადაუხადოს იმ მილიონობით ადამიანს, ვინც ამ პროცესს გულშემატკივრობს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიტაცებულ რეჟიმს და ძალაუფლებას. რაც შეეხება ბრალდებას - მორიგი პოლიტიკური შოუ, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს. რა თქმა უნდა, დავეთანხმები ირაკლის და სასაცილოა, ვსაუბრობდეთ ხელისუფლების დამხობაზე, რომელმაც ეს ძალაუფლება დანაშაულებრივი გზით თავად მოიპოვა 2024 წლის არჩევნებზე“, - განაცხადა აბესაძემ.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა ბრალს ირაკლი ნადირაძე, ადვოკატმა უპასუხა, რომ სამართლებრივად რა პოზიცია ექნებათ, ამაზე ჩამოყალიბდებიან, მაგრამ „ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს“.
„მისთვის პატივია, რომ იყოს ივანიშვილის რეჟიმის ტყვე. რაც შეეხება სამართლებრივ ბრძოლას, ამ ქვეყანაში კანონი არავისთვის არ არსებობს… სამართლებრივად რა პოზიცია გვექნება, ამას ჩამოვაყალიბებთ, მაგრამ ამ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის არანაირი აზრი არ არსებობს… გითხარით, რომ არ აღიარებს ბრალს, ვერ აღიარებს ბრალს. დიახ, [მისთვის პატივია დაკავება] რადგან ამ ბრძოლაშია საკუთარი თავისუფლების ფასად. დიახ, ეს პატივია“, - აღნიშნა ადვოკატმა.