უმძიმესი დანაშაული კასპში - მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა
უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცეცხლწაკიდებული ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. მისი დახმარება მეზობელმა სცადა, მან ცეცხლი ჩააქრო, უმძიმესი დამწვრობით დაშავებული ქალი სასწრაფოს ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. თათია ლომინაძე ახლა სიკვდილს ებრძვის.კლინიკის ექიმის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის 80 პროცენტი აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმი ადასტურებს იმასაც, რომ მას ჭრილობაც აქვს სხეულზე.
"კასპიდან არის გადმოყვანილი დამწვრობით, ბენზინიც შეასხა და მჟავაც, ასევე აქვს ბასრი საგნით მიყენებულო ჭრილობებიც. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა" - ამბობს ექიმი.
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა დამნაშავე, ზურაბ ბურდული. პოლიცია მას მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა და წყვილს ჰყავდათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა. დაშორების მიუხედავად ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მოდიოდა გოგოს სახლში და აწიოკებდა ოჯახს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
"ახალგაზრდა გოგოს მთელი სახე, თმები ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. ბენზინი შეასხა ყოფილმა ქმარმა, ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი, ჩხუბის ხმა. ეს ფაქტი მოხდა დედის თვალწინ, აალებული ნივთი ესროლა გოგოს, მერე მეზობელი მივარდა, მან ცეცხლმოკიდებულ გოგოს ადიალა გადააფარა და ასე ჩააქრო ცეცხლი, თუმცა სახე სულ დამწვარი ჰქონდა" - ამბობს ადგილობრივი.
"ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი ფაქტის თვითმხილველი მამაკაცი ამბობს: "ანთებული რაღაც ესროლა გოგოს, მოედო წამებში, დავეწიე და შემოვატრიალე, დავიბენი რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, ყვითელ ქვიშას ვაყრიდი, რომელიც იქვე ეყარა, ვხედავდი ვერ ვშველოდი, მერე სახლში შემოვარდი, ფარდა ჩამოვწყვიტე და გადავაფარე, უკვე მოდებული იყო ცეცხლი, ცეცხლი ეკიდა 5 წუთამდე, მერე მეზობელმაც რაღაც ჩამოაგდო დასამატებლად, ისიც დავაფარეთ. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. ხელები, სახე დამწვარი ჰქონდა და ბეჭებში აქვს ჭრილობა".