“რომ არა ის პატიმრები, საერთოდ სინდის-ნამუს გარეცხილი ერი ვართ ასე მგონია“ - რას ამბობს ქეთათო პოპიაშვილი აქციებზე დაკავებულების შესახებ
მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი დღეს დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდება. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში არიან გამოკეტილები, პროტესტში არმონაწილეობა დანაშაულია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს და საპატიმროებში უდანაშაულო აქტივისტების ნაცვლად ის ადამიანები შევიდნენ, ვისაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეალურად დანაშაული მიუძღვის.
“ეს პროტესტი რომ არა, საერთოდ თითოეულ ადამიანს სინდისთან უნდა ჰქონდეს პრობლემა ამ ქვეყანაში. ეს ადამიანები რომ არა თავისი არნახული თავდადებით, საერთოდ უნდა გვრცხვენოდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება. იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში.
მე მრცხვენია ამ რეალობაში ყოფნის. რომ არა ის პატიმრები, საერთოდ სინდის-ნამუს გარეცხილი ერი ვართ ასე მგონია.
პირველ ყოვლისა ვიბრძვით სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ გაშუქდეს სიმართლე. იმისთვის, რომ ვინც არ არის ციხეში ჩასაჯდომი უნდა გამოუშვან და ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც უნდა შევიდეს ციხეში, იმიტომ რომ დანაშაული მიუძღვის ძალიან ბევრი თანამოქალაქის მიმართ.
სამართლიანობას ვთხოვთ, მეტს არაფერს,“ - განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა “ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში.
დღეს 19:00 საათზე 300 არაგველის მონუმენტთან მსვლელობა დაიწყება. მოქალაქეები რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან.