ვრცელდება საგანგაშო კადრები ფოთიდან, სადაც უხვმა ნალექმა ქუჩები, სახლები და ეზოები დატბორა
ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.
წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირთ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა მცენარე განადგურდა. ფოთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა არ ახსოვთ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.