"ერთი იარაღი არის ის, რაც თვითონ ჰქონდა კანონიერად შეძენილი და ჰქონდა ტარების უფლება, ხოლო მეორე იარაღი არის დაუდგენელი, ჯერჯერობით არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული" - რას ამბობს ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, რომელიც შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ზურაბ ზვიადაურისთვის შეფარდებული პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მოდებაძემ აღნიშნა, ზვიადაურის ავტომობილის ჩხრეკისას ორი იარაღია ამოღებული, რომელთაგან ერთი დაკავებულს ეკუთვნის, მეორეს წარმომავლობაზე კი კომენტარს ვერ გააკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
“ჩხრეკის დროს ამოღებულია ორი იარაღი, როგორც საქმიდან ირკვევა. ერთი იარაღი არის ის, რაც თვითონ ჰქონდა კანონიერად შეძენილი და ჰქონდა ტარების უფლება, ხოლო მეორე იარაღი არის დაუდგენელი, ჯერჯერობით არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული.
ზვიადაური ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას და ამ იარაღის წარმომავლობაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ. როცა დადგება ეს საკითხი, რომ ამ იარაღის წარმომავლობაზე მოხდეს საუბარი, მაშინ გაიგებთ ჩვეულებრივად.
მე არ ვეთანხმები (სასამართლოს გადაწყვეტილებას), რომ ამ საქმეში ან მიმალვის საფრთხე იყო ან მტკიცებულებათა განადგურების, ანდაც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ეს კარგად იქნა დასაბუთებული ჩემი მხრიდან. ბრალდების მხარის არგუმენტები დაუსაბუთებელი იყო და გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”, - განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა.