loader

"ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი იყო გაფორმებული, მეორე - არა" - რას ამბობს საქმის პროკურორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი იყო გაფორმებული, მეორე - არა" - რას ამბობს საქმის პროკურორი

ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა 2 ცეცხლსასროლი იარაღი. ერთი იარაღი იყო გაფორმებული, მეორე - არა , - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმის პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ განაცხადა.

როგორც სამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე უცნობია, ვისი სახელზე იყო რეგისტრირებული მეორე იარაღი, თუმცა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის ზვიადაურის სახელზე არ იყო.

„ექსპერტიზის დასკვნით ვიცით, რომ ეს იარაღი არ არის გაფორმებული ზურაბ ზვიადაურის სახელზე“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, პოლიციამ ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერა, რის შემდეგაც ზვიადაურმა თავად მიუთითა, რომ მანქანაში შესაძლოა იარაღი ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა ჩხრეკა. ყვავაძის თქმით, პოლიციას წინასწარ ინფორმაცია იარაღის შესახებ არ ჰქონია.

„პატრულ ინსპექტორები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებოდნენ, შესაბამისად შემოწმებისა და გადამოწმების მიზნით შეაჩერეს აღნიშნული ავტომობილი და შემდგომ ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ იყო ცეცხლსასროლი იარაღი.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულთან შედგა გასაუბრება და იყო საფუძველი იმისა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი, შემდგომ ჩატარდა ჩხრეკა“,- განაცხადა პროკურორმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თავად ზურაბ ზვიადაურმა უთხრა პოლიციას იმის შესახებ, რომ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღია, პროკურორი ასე პასუხობს:

„შესაძლებელია დაუჯერებელი იყოს, თუმცა გამოძიების დადგენილია გარემოება, რომ მას შემდეგ რაც ეკიპაჟისთვის ბრალდებულის მხრიდან ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელია მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი ყოფილიყო, ამის შემდგომ ჩატარდა ჩხრეკა. შესაბამისად, წინასწარ განზრახვა და დადგენილი ინფორმაცია მათ არ ჰქონიათ“, - განაცხადა პროკურორმა.