რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, საქართველოს ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცლებს.
"ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას" - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.