loader

"სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ? ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად" - ონისე ცხადაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ? ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად" - ონისე ცხადაძე

სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ?.. ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება, მთავრობები კი ვერ იზრდებიან“.

„რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადერთი სწორი, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, არის ი, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ. მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ვიდეოებშიც ჩანდა. იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფა. იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ, გადავურჩი. აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით. მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით. მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით ვცდილობთ, რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს?!

მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია. კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამედ არც ერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები, დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე, იქამდე ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით.

სულ რომ გაგვამართლონ, ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ... ბიჭებს ვეუბნებოდი, რა მაგარია ხვალ აბანო გვაქვს-მეთქი. არ მეგონა, ოდესმე ამ ფრაზას თუ ვიტყოდი. რას გვერჩით, რაში გვაცხოვრებთ? წლები მოაკლეს ბიჭებს... მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე კეთილია - თქვა, ვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში, ძალიან დიდ სიკეთეს გავუკეთებ და ასე გადავუხდი სამაგიეროდ, ჩემი მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ ნურას უკაცრავად.

ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან... შეიცვალა მთავრობა, დაიჭირეს სამი პოლიტიკოსი და თქვენნაირები გარეთ რჩებიან, თქვენნაირები აკეთებენ იმავეს...

ამ დარბაზში ახლა არის დედაჩემი, დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე .. და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს? მე ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ არავისზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე, მინდა ყველა მალე და ერთად გავიდეთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ, რომლის სიტყვასაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.