"უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ" - გიორგი გახარია
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არ აპირებს, უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას.
გიორგი გახარიამ „ტვ პირველთან“ ისაუბრა მისი გერმანიაში ყოფნის პროცედურულ საკითხზე და სტატუსზე და აღნიშნა, რომ ის გერმანიაში ხანგრძლივი ვიზით იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ მას საშუალებას აქვს ადგილზე მუშაობის და დასძინა, რომ მუშაობაში არ იგულისხმება „სამსახურის ძებნა“ ან ევროპასა და გერმანიაში ბიზნესის კეთება.
გახარია ამბობს, რომ გერმანიაში ის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს.
„ე.ი. ეს ჩემი სტატუსი საჭორაო თემა გახდა, ბევრს აღელვებს და აინტერესებს. მე აქ ვარ დღეის მონაცემებით - რაც ატეხეს ერთი ამბავი, ბინადრობის მოწმობასთან დაკავშირებით....ეს არის უბრალოდ ხანგრძლივი ვიზა, რაც მაძლევს შესაძლებლობას ფორმალური პროცედურების სრული დაცვით ხანგრძლივი მოქმედების მუშაობის შესაძლებლობას ევროპაში. მუშაობის მე არ ვგულისხმობ სამსახურის ძებნას, არა. მუშაობის [შესაძლებლობას] მათ შორის პარტიის ინტერესებში, ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის ექსპერტულ ინტერესებში. რამდენიმე ძალიან საინტერესო საექსპერტო წრეებთან ვამზადებთ პროექტს, რომელიც მალე ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“. - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, რაც მისი გერმანიაში ყოფნის სტატუსს უკავშირდებოდა, განაცხადა, რომ „ეს არ გულისხმობს პოლიტიკურ თავშესაფარს“.
„არცერთ შემთხვევაში ეს არ არის პოლიტიკური თავშესაფარი, პოლიტიკურ თავშესაფარზე ჩვენ არც ვსაუბრობთ. ამისგან უნდათ რაღაცა მითის შემქნა, ეს არის მუშაობის უფლება. ეს მუშაობაც პირდაპირ დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს მუშაობა იქნება დაკავშირებული ექსპერტულ საქმიანობასთან ევროინტეგრაციის და ევროკავშირის გაფართოების, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით. ყველაფერი იქნება საქართველოსთან”, - განაცხადა გახარიამ და იქვე დასძინა:
“დღეს ხაზგასმით ვამბობ, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის”, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, მისი ყოფნა „ევროპაში ან გერმანიაში ბიზნესის კეთებას არ გულისხმობს“.
ამასთან, გახარია თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს დღეს რესურსი, რომ დაიჭიროს, თუმცა მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ „კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი აქვთ გააქტიურებული“.
დღეს "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი "ოცნებას", რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.
ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.. ფაქტია, რომ დღეს "ოცნებას" აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ჩემ პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბერად უფრო ეფექტური იყოს მაშინ, როდესაც მე ვიქნები თბილისში“, - აღნიშნავს გახარია.