გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ
გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.
მისი თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დავით რაზმაძის გადაყენებისთვის კონსულტაციებს პარტია „გახარია-საქართველოსთანაც“ გადის.
„დღეს დავიწყეთ პროცედურები, გავდივართ კონსულტაციებს და დღის ბოლომდე აუცილებლად შევიტანთ ოფიციალურად განცხადებას. კონსულტაციებს გავდივართ ჩემს კოლეგებთან, პარტია „გახარია-საქართველოსთან“. მინდა ყველა შემოუერთდეს და ერთობლივად შევიტანოთ განცხადება. თუ წინააღმდეგი წავლენ ან თავს შეიკავებენ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც აუცილებლად დავარეგისტრირებთ და აუცილებლად მოვითხოვთ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგმას. ის განცხადება, რაც დავით რაზმაძემ გააკეთა, ეს არის სირცხვილი და გორელებისთვის სულში ჩაფურთხება. ის ადანაშაულებს 2008 წელს ჩვენს მებრძოლებს, ძალოვნებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, თითქოს ქალაქს ძარცვავდნენ. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი და სამარცხვინო რამ იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს კვირეულია და რამდენიმე დღის წინ სოფელ შინდისში იყვნენ ამოსული, ცრემლებს მოჩვენებითად ღვრიდნენ 2008 წელს დაღუპული გმირების წინაშე. ეს არის სამწუხარო და სწორედ ამიტომ, დავიწყეთ პროცედურული საკითხები, რომ ჩამოვირეცხოთ გორელებმა ის სირცხვილი, რასაც დავით რაზმაძის საკრებულოს თავმჯდომარეობა ჰქვია“,- განაცხადა ბექა ქორჩილავამ.
ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.