საპატიო დახვედრა, კომპლიმენტი ზელენსკის კოსტიუმს და ტრამპის მხარდაჭერა უკრაინას - თეთრ სახლში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გაიმართა: მნიშვნელოვანი დეტალები
ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა. უკრაინის პრეზიდენტს თეთრ სახლთან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპატიო გვარდიის წევრებთან ერთად დახვდა.
Fox News-ის ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უილსი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.
„უკრაინის პრეზიდენტის აქ ყოფნა დიდი პატივია. ვფიქრობ, პროგრესი არის. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა გვქონდა და არის შესაძლებლობა, რომ ეს რაღაც შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს გატაცებული უკრაინელი ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისთვის წერილის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს უკრაინის პირველი ლედისგან, ოლენა ზელენსკასგან მელანია ტრამპისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა.
გარდა ამისა ვოლოდიმირ ზელენსკი მისი კოსტიუმის გამო კომპლიმენტიც მიიღო. ჟურნალისტმა, უკრაინის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ შესანიშნავად გამოიყურებოდა, რასაც აშშ-ის პრეზიდენტიც დაეთანხმა.
მხარეებმა ომის შეჩერების და მშვიდობის დამყარების შესახებ ისაუბრეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს ომის შეჩერების მცდელობისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების საკითხებში „დიდ დახმარებას“ მიიღებს.“უსაფრთხოების საკითხში დიდი დახმარება იქნება. ეს კარგი იქნება,“ - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ევროპასთან ერთად აშშ-ც იქნება ჩართული.
შეკითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ამერიკელ სამშვიდობოებს უკრაინაში, ტრამპმა უპასუხა: „შესაძლოა, ამის შესახებ დღეს, მოგვიანებით გაცნობოთ. დიდებული ქვეყნების შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ. ისინი ყველანი ჩართულები იქნებიან და ბევრი დახმარება იქნება. ჩვენ ყველასთან ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ რომ ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთთან. ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამან იმუშაოს.“
შეხვედრა ვლადიმერ პუტინთანდონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრაც არ გამორიცხა.
“ვფიქრობ, თუ დღეს ყველაფერი კარგად წარიმართება, სამმხრივი შეხვედრა გვექნება და ვფიქრობ, რომ ეს ომის დასრულების გონივრული შანსი იქნება,“ - თქვა ტრამპმა.
“ჩვენ მხარი დავუჭირეთ იდეას... პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამ ომის შეჩერების, ამ ომის დასრულების დიპლომატიური გზის გამონახვის იდეას. და ჩვენ მზად ვართ სამმხრივისთვის“, - დაამატა ზელენსკიმ აშშ-ის პირველი პირის განცხადებას.