ხელოვნურმა ინტელექტმა ორი ახალი ანტიბიოტიკი შექმნა, რომელთაც აქვთ პოტენციალი ეფექტურად გაუმკლავდნენ წამლის მიმართ მდგრად ბაქტერიებს
ხელოვნურმა ინტელექტმა ორი ახალი ანტიბიოტიკი შექმნა, რომელთაც აქვთ პოტენციალი ეფექტურად გაუმკლავდნენ წამლის მიმართ მდგრად ბაქტერიებს. მათ შორის სქესობრივი გზით გადამდებ გონორეასა და მეთიცილინ-რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს.
კვლევა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ ჩატარდა. პროცესი ორ ძირითად მიდგომას ეფუძნებოდა. პირველ შემთხვევაში, ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა მილიონობით ცნობილი ქიმიური ფრაგმენტი, შეარჩია ყველაზე პერსპექტიული,გამოირიცხა ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც ძალიან ჰგავდა აქამდე არსებულ ანტიბიოტიკებს ან შესაძლოა ადამიანისთვის მავნე ყოფილიყო.
მეორე შემთხვევაში კი სისტემას მიეცა სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რათა თავიდანვე ახალი, სრულიად განსხვავებული სტრუქტურები შეექმნა. შედეგად, შეიქმნა ორი ახალი პოტენციური პრეპარატი. ახალი ნაერთები, როგორც ჩანს, ბაქტერიის მემბრანებზე მოქმედებენ ისეთი მეთოდებით, რომლებიც დღევანდელ წამლებში არ გამოიყენება.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პრეპარატების ადამიანებზე გამოცდა ორ წელში დაიწყება. ამ პერიოდში მათი ქიმიური სტრუქტურის დახვეწა და გვერდითი ეფექტების შესწავლაა დაგეგმილი.
ანტიბიოტიკების ჭარბმა გამოყენებამ ხელი შეუწყო ბაქტერიების ევოლუციას და ახლა წამლის მიმართ მდგრადი ინფექციები წელიწადში მილიონზე მეტ სიკვდილს იწვევს. ახალი ანტიბიოტიკების დეფიციტი რამდენიმე ათწლეულია იგრძნობა.