“გავიგონეთ ხმები: გააღეთ კარებიო, მალევე გამოიქცა ახალგაზრდა ბიჭი, ყელში იყო დაჭრილი, სდიოდა სისხლი...“ - მარნეულში მომხდარი საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები - რას ჰყვებიან თვითმხილველები?
მარნეულში ახალგაზრდა ქალმა საქმრო დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ყიზილაჯლოელი მამაკაცი, რომლის ქორწილიც 17 აგვისტოს უნდა გამართულიყო, ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა საცოლემ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ გაიგო, მამაკაცი და თანმხლები ქალი დანით დაჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.
“ტელეკომპანია პირველთან“ თვითმხილველები მომხდარის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, გაიგონეს ყვირის ხმები კორპუსის მეშვიდე სართულზე. ადგილზე მისული იყო ახალგაზრდა ქალი შუა ხნის ქალბატონთან ერთად. ქალი ერთ-ერთ ბინასთან ყვიროდა და აკაკუნებდა კარზე. მოგვიანებით მათ გაიგონეს ახალგაზრდა მამაკაცის ყვირილის ხმა, რომელიც დაჭრილი იყო და ითხოვდა შველას.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელსაც სისხლი სდიოდა, ფეხით ჩაირბინა შვიდივე სართული. სავარაუდოდ მამაკაცი თავისივე ავტომობილით წავიდა კლინიკაში.
დაჭრილი იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბინაში იმყოფებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი მუცლის არეშია დაჭრილი, ხოლო მამაკაცს არტერიები აქვს გადაჭრილი. ორივე მათგანი ამჟამად მკურნალობენ.
“გავიგონეთ ხმები: გააღეთ კარებიო. ძალიან არაეთიკური სიტყვებით ყვიროდა ორი ქალი. ჯერ არ აღებდნენ, მერე როგორც იქნა გააღეს, მალევე გამოიქცა ახალგაზრდა ბიჭი, ყელში იყო დაჭრილი. სდიოდა სისხლი. ლიფტს ვერ დაელოდა და კიბეებით ჩავიდა.
როგორც ვიცი ბინაში ყოფილა გოგო. გოგო მუცელში აქვს დაჭრილი.
დროებით ჰქონია ნაქირავები ამ გოგოს ამ კორპუსში ბინა და ბიჭს აყვანილი ჰყავდა ვიღაც სხვა ქალიო, როგორც ვიცი. არ ვიცი ამას საიდან გაუგია, მიუვარდა და დანით დაჩეხა ორივე ეჭვიანობის ნიადაგზე. 2 დღეში ქორწილი უნდა ჰქონდათ და აბა რა იქნებოდა...
დიდი ამბავი იყო, სასწრაფო, პოლიცია, სავსე იყო...“ - ჰყვებიან თვითმხილველები.
ვიდეო: "Tv პირველი"