"ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს, არაერთგზის გამაფრთხილეს, რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი, ვარ შეურაცხყოფილი..."- რა თქვა მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლოზე?
ამ [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის] საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლო სხდომაზე გააცხადა, სადაც მისი და კიდევ ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
„სანამ დამაკავებდნენ, გამაფრთხილეს, არაერთგზის, რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”, - აღნიშნა გიორგი მიქაძემ.
ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიდან 3 - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულები არიან, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, პროკურატურის ინფორმაციით, მათზე გამოცხადდება ძებნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.