ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, მათგან ორს დაუსწრებლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს - გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, 30 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, რაც შეეხება გიორგი და დავით მიქაძეებს, ადვოკატმა გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე სხდომაზე განმარტავდა, რომ დაკავებულის მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაული ჩადენის, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებებია განადგურების საფრთხე, რასაც ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ.
დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ, გარდა პოლიციელის ჩვენებისა.
ადვოკატების თქმით, მკვლელობის შეკვეთის ბრალდება არის აბსურდული და დაუსაბუთებელი.
სიტყვით ისარგებლა გიორგი მიქაძემ. მისი თქმით, ის არაერთხელ გააფრთხილეს იმასთან დაკავშირებით, რომ დააკავებდნენ, თუმცა ქვეყანა მაინც არ დატოვა.
“ამ საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა. სანამ დამაკავებდნენ გამაფრთხილეს, არაერთ გზის,რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”,- აღნიშნა გიორგი მიქაძემ.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ჩაინიშნა.