გიორგი კეკელიძე ეროვნულ გმირის, გიორგი ანწუხელიძის შესახებ წიგნზე მუშაობს - "დღეს მე და გიორგის მეუღლე, ჩემი მეგობარი მაკა ჩიკვილიძე შევხვდით და სამუშაო რუკა მოვინიშნეთ"
გიორგი კეკელიძემ ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძის შესახებ წიგნზე მუშაობას იწყებს. ინფორმაციას მწერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, "მთავარი კონსულტანტი" წიგნის წერის პროცესში, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე იქნება,
"დღეს დავიწყეთ მუშაობა მხატვრულ-დოკუმენტურ წიგნზე - ,,ანწუხელიძე". განზრახულია მცირე ტილოს შექმნა, ქართველი გმირის ცხოვრებისა და პარალელური ისტორიების მეშვეობით. ამბებით, რომელიც ქვეყნის ოკუპანტთან ბრძოლის ცხადი სურათი იქნება - ამბავი დაუნებებლობის. დღეს მე და გიორგის მეუღლე, ჩემი მეგობარი მაკა ჩიკვილიძე შევხვდით და სამუშაო რუკა მოვინიშნეთ, რომელიც ალვანიდან დაიწყება. მე წიგნის ავტორი ვიქნები. მაკა კი - მთავარი კონსულტანტი," - წერს გიორგი კეკელიძე.
უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდათ. 2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ანწუხელიძე ერთერთი მათგანი იყო.
2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.
2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის "სამშობლოსთვის თავდადებულის" მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა. 2013 წლის 2 ნოემბერს„თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს თუში სახალხო გმირის წოდება მიანიჭა.