"ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ... ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, ვაი, თქვენს პატრონს უბედურს!" - ანდრო ჭიჭინაძე
რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც. ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! - ამის შესახებ საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის არ აპირებს შეწყალების მოთხოვნას და ბოდიშის მოხდას, რადგან ბრალდება, რაც მას და მასთან დაკავებულებს აქვთ წაყენებული, გამოგონილია.
„პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ [მოსამართლეს] დამასრულებინოთ, დიდი ხანი არ დამჭირდება და არც ამ თემას არ დავუბრუნდები…
ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ინფორმაცია უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი იარაღია, ვიდრე თავად იარაღი. რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია და სურვილი, რომ მე თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ და ეს ეხებათ დანარჩენებსაც. სინამდვილეში, საკითხი დგას ასე: - ძალიან რთულია ამას კორექტული პასუხი მოვუძებნო, მაგრამ ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინც ამას ითხოვს! ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ შესთავაზონ იმ პოლიციელებს, რომლებიც რუსთაველზე დარბოდნენ….
მე არავის დასჯა და დაჭერა არ მინდა. რაც შეეხება ბრალდებას, ის არის მოგონილი. ის ვიდეოები, რაც აქვს პროკურატურას წარმოდგენილი, ინდივიდუალურად რომ გაგვერჩია, ამით არანაირი დანაშაული არ დგინდებოდა და მერე მოიგონეს ჯგუფურობა და ამით კი კიდევ უფრო შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში.
მე რომ ვინმე დამეზიანებინა, ამდენს ნამდვილად არ ვილაპარაკებდი.
მე არ უარვყოფ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არც იმ ქმედებას, რაც ჩანს - იქ ჩანს, რომ ამ ქმედებით არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი მგონია, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დღევანდელ დროში გადავამოწმოთ, იმიტომ, რომ რელიგიას შეუძლია თავისუფლება მოგვართვას ან წაგვართვას, ასე შეუძლია ინფორმაციასაც. ინფორმაციის გადამოწმება კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.