“მისმა ერთმა მეგობარმა დაწერა, მხოლოდ მისი მეგობრები კი არა, ქვეყანა და ქვეყნები მისტირიანო - ვარსკვლავი იყო, ვარსკვლავივით ჩაქრა ოკეანის ზვირთებში” - ქართველ მეცნიერს, რომელიც ოკეანეში შვეულმფრენით ჩავარდა და დაიღუპა მეგობრები ემშვიდობებიან
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა და დაიღუპა.
მეცნიერს მეგობარი, მზია შანავა ემშვიდობება:
"აი, ხომ არსებობს, რომ ხანდახან ბუნება ძალიან გაირჯება და მთელს თავის სიდიადეს, გრანდიოზულობას და ელვარებას ერთ ადამიანში მოუყრის თავს. ასეთი იყო ცოტნე. სამყაროს ყველა მშვენიერების მატარებელი, მარადიული ბიჭი, კეთილშობილი და მორიდებული, უნიჭიერესი, უმაგრესი და ყველაზე თავმდაბალი. პატარა კაცების უზარმაზარი ეგოებით სავსე ჩვენს ქვეყანაში ეს თვისება ყველაზე მეტად მიყვარდა მასში. ვეფხისტყაოსნის თითქმის ზეპირად და უფაქიზესად მცოდნეს, ცხოვრების ყველა სიტუაციისათვის მზად ჰქონდა რუსთაველის სტრიქონი და არ არსებობდა ამაში მისი დამჯაბნელი. ზრდიდა შეგირდებს მეცნიერებაშიც და მის სტიქია - ფრენაშიც, რადგან იცოდა თაობათა უწყვეტობის, ცოდნისა და გამოცდილების უშურველად გადაცემის დიდი მნიშვნელობა. და როგორ უყვარდა - ზუსტად ისე, როგორც ცხოვრობდა, უშურველად, დაუნანებლად, სრულად და თავდავიწყებით. მისმა ერთმა მეგობარმა დაწერა, მხოლოდ მისი მეგობრები კი არა, ქვეყანა და ქვეყნები მისტირიანო. ვარსკვლავი იყო, ვარსკვლავივით ანათა ყველაფერი მის ირგვლივ და ვარსკვლავივით ჩაქრა ოკეანის ზვირთებში."