უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც საკუთარი და მოკლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც საკუთარი და მოკლა. ამის შესახებ ცნობას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა.
ბრალდებულმა გარდაბანში დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ე’’ (დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), „თ“ (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით), „კ“ (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) და „მ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდადებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.