"პირდაპირ ვიტყვი... არ მაქვს ამის უფლება, მაგრამ უფრო ფართოდ რომ გავახილოთ თვალები, მინდა ვიყვირო..." - 15 წლის ბიჭის მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დეტალები, რას ამბობს ადვოკატი?
ფსიქოლოგიურად მძიმედაა 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, თავადაც არასრულწლოვანებმა, აწამეს - მუხლებზე დაჩოქილი დანით დასერეს, სცემეს, ვიდეო გადაუღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს. ბიჭის ადვოკატი, მაკა ბერაძე, პალიტრავიდეოს ეუბნება, რომ ამ ამბის შემდეგ თავს ცუდად გრძნობენ ბავშვის მშობლებიც.
ცნობილია, რომ 9 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქცვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას
ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.