რა უპასუხა კახა კალაძემ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას?
ჩვენ არავის ვერჩით - როგორ შეიძლება ვებრძოდეთ ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკას?! უბრალოდ გვიწევს საკუთარი ქვეყნის დაცვა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარება ამ საგიჟეთში, რაც ხდება მსოფლიოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება „თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან და ევროკავშირისგან“.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმის ჩახშობას საქართველოში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბაჩო (გიორგი) საგანელიძე დაიბარეს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი ავრცელებს.
"საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა "ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.
"ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას.
"გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ გარეშე განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“, - აღნიშნულია განცხადებაში.