loader

"კარი გავაღეთ და ჯოჯოხეთი ისე ახლოს მოვიდა ჩვენთან, როგორც არასდროს" - რას წერს ზუგდიდში, ხანძრის დროს სიკვდილს გადარჩენილი ნინო რაფავა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარი გავაღეთ და ჯოჯოხეთი ისე ახლოს მოვიდა ჩვენთან, როგორც არასდროს" - რას წერს ზუგდიდში, ხანძრის დროს სიკვდილს გადარჩენილი ნინო რაფავა?

ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ ერთ-ეთ კოპრუსში ხანძრი გაჩნდა. მოქალაქე ნინო რაფავა ხანძრს სასწაულებრივად გადაურჩა, ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"უსაშველობის განცდა გქონიათ როდესმე?!

ერთი ჩვეულებრივი და კარგი დღე იყო, სახლში ვიყავით, ტატო და ნოე მოვიდნენ, ჩემი ძმა და რძალიც იქვე მყავდა. ტარტი გამოვაცხვე, ლუდი გვქონდა, მე ვმუშაობდი და ჩემები ძალიან გემრიელად ისხდნენ და ჭუკჭუკებდნენ.

უცებ დამწვრის სუნი მეცა და თუმცა გაზი არ გვქონდა, ვიფიქრე ელექტროპლიტა დამრჩა ჩართული და ტატოს ვთხოვე შეემოწმებინა სამზარეულო.

მაშინ დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი...

ჩვენ მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ, ხანძარი მეორეზე გაჩნდა. ზემოდან არ ჩანდა ზუსტი ლოკაცია და გვეგონა ჩვენს ქვემოთა ბინა იწვოდა. სანამ ყველაფრის გაცნობიერებას შევძლებდი, ტატომ წავედით ყველანი ქვემოთო. მე ზარზე ვიყავი და დავიჩემე, მე ვერ ჩამოვალ, თქვენ წადით მეთქი, ეს მანამ, სანამ ფანჯრიდან გადავიხედებოდი, გადავიხედე თუ არა, მივხვდი პასუხისმგებლობის გრძნობა მსხვერპლად მაქცევდა. ×-ით გავთიშე ჩემი პროგრამის ფანჯარა და დავტაცე ნოეს ხელი. კარი გავაღეთ და ჯოჯოხეთი ისე ახლოს მოვიდა ჩვენთან, როგორც არასდროს ალბათ. მე ასეთი სიმხურვალე არსად მიგრძვნია და არასდროს! კვამლი გარჩევადობის უნარს გვისპობდა, ცეცხლი ხილვადი იყო და მძლავრი... გარეთ გასვლა გადავიფიქრეთ... უკან შებრუნებაც სიკვდილს უდრიდა, გაგუდვით სიკვდილს, კვამლით გაივსო სახლის ყველა კუთხე. ჩვენ დარდისგან "აზრი გაგვეთიშა" და ტატოს შევყურებდით ყველანი სასოდ. ტატომ აივანზე გავიდეთ, იქ იქნებაო ჰაერი, გავედით და მივხვდით რომ ჯოჯოხეთის მეორე მხარეს მოვხვდით, ცეცხლი სახლის უკანაც აქტიურ ფაზაში იყო და კვამლი იქაც ისე ძლიერი იყო, როგორც ოთახში, ან უფრო ძლიერი...

აქ ტატოც დაიბნა და თავში ხელების შენა დაიწყო, სახლი იწვება და ჩვენც ვკვდებითო, დაიწყო მოთქმა... ჩვენც უინიციატივოდ ვიდექით, ვნებდებოდით ბედის უკუღმართობას... მერე ისევ ტატომ იფხიზლა, ზევით წავიდეთო ჩქარა, პირსახოცები დავასველოთ და პირზე ავიფაროთო- ჩვენც მორჩილად მივყევით ამ ერთადერთ აზრს... გავაღეთ კარები, გავვარდით და შევუდექით კიბეს, წინ ნანუკა მიდიოდა, მერე მე და ნოე, უკან ირაკლი და ტატო. ნიაკო არ იყო სახლში, ღვთის მადლით და ძალით. მეექვსე სართულის კიბეზე ვიქნებოდთ, ნოემ პირსახოცი რომ გადაიძრო, კივილი შეწყვიტა და ხრჩობა დაიწყო, ხრჩობა კი არა გუდვა, მივხვდი რომ ხელიდან მეცლებოდა და იმის ნაცვლად, მივხმარებოდი, მუხლებში ძალა გამომელია, ნაყლაპმა კვამლმა გონება დამიბინდა. ირგვლივ მიმოვიხედე და ვერსად გზა ვერ დავინახე, არანაირი სარკმელი, არანაირი კარი, არსად ჰაერი, ყველგან კვამლი, ალი, სიმხურვალე და ის წამი, ის რამდენიმე წამი უსასოობის, უიმედობის, სიკვდილთან სიახლოვის, უძლურების, უჰაერობის და ნოეს მომუდარე თვალების სამარის კართან მიმყვება, ვიცი.

ასე უმწეოდ არასდროს მიგრძვნია თავი.

ნიაზე ვიფიქრე იმ წამს და არანორმალურად გამიხარდა, რომ იქ არ იყო...

დედაჩემზე ვიფიქრე იმ წამს და მისი უბედურება გამოვიგლოვე, რანაირად გააგრძელებს სიცოცხლეს მეთქი, გამეფიქრა, მერე ისევ ნია გამახსენდა და ნიაკო მისცემს მეთქი ძალას, გავიფიქრე...

იმ ბავშვებზე ვიფიქრე იმ წამს, ხანძარს რომ შეეწირნენ და ვერავინ უშველა...

ნოეზე ვიფიქრე იმ წამს და იმ ფიქრმა ყველაზე მეტად დამაუძლურა...

და მხოლოდ ის შევძელი, დამეყვირა, ბავშვი გამომართვით მეთქი... ტატო აქაც არ დაიბნა, გამომართვა ბავშვი და ავარდა კიდევ ერთი სართულით მაღლა.

გზას ვერც ერთი ვერ ვაგრძელებდით, ყველანი ვწყვეტდით სუნთქვას და მივხვდით, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მეზობლის სახლში შევარდნა იყო.

ვაბრახუნეთ კარზე ხელი, იმ ბოლო ხმით ვხაოდით, საიდან ამოდიოდა, ვერც ერთმა რომ ვერ გავიგეთ და გაგვიღო იმ დალოცვილმა კარი...

გაგვიღო და გვიხსნა ხანძარში კვამლით სიკვდილისგან... რამდენჯერ უნდა გადავუხადოთ მადლობა, საკმარისი რომ აღმოჩნდეს?!

და სახლში რომ არ ყოფილიყო? მაშინ რა გვეშველებოდა, წარმოგიდგენიათ?!

მერე კვამლი იმ ბინაშიც შემოვიდა, მაგრამ სახანძრო მოვიდა, დალოცვილი და ყველაზე ოპერატიულად ჩააქრო ცეცხლი, რომელმაც შეიწირა ერთი ბინა მთლიანად, მეორე ბინის ნახევარი, მესამე ბინის უახლესი რემონტი, ჩვენი ბინის ფანჯრები და მთელი კორპუსის ბინებს სამახსოვრო სიშავედ დააჩნდა...

დღეს კი ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ცუდზე არ უნდა ვიფიქროთო, მაგრამ მასე მარტივად მუშაობს ადამიანის გონება, განა?!

რამდენი ხანი უნდა გავიდეს, ეს ამბავი რომ გავიხსენო და შიშმა არ დამიაროს სისხლის ყველა უჯრედში?!

დრო ყველაფერს კურნავს ალბათ, კირიც გაათეთრებს სახლის კედლებს, ფანჯრებიც დაიცვლება და რემონტებიც გაკეთდება, მაგრამ იმ ამაოების განცდას ვერასდროს ვერაფერს მოვუხერხებთ, წუხანდელმა ღამემ რომ დაგვიტოვა სულში სამუდამოდ!

და მაინც, იქ კიბეებზე მიმავლებს, უჰაეროდ გონებადახშულებს, ფილტვჩათუთქულებს ღმერთი გვედგა გვერდით, უკან და წინ და რომ არა ღმერთი, ვერანაირი ძალა ვერ გვიხსნიდა თავს დატრიალებული უბედურებისგან!

ამიტომ, დიდება უფალს და დიდება მის ძლიერებას!" - წერს ნინო რაფავა.