loader

"ძალიან მიმძიმს თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ისევ თქვენმა კომენტარებმა და "მესიჯებმა" შემაგულიანა, რომ ეს ვქნა" - აქტივისტი ვერო მელუა, რომელსაც სახლი დაეწვა, საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მიმძიმს თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ისევ თქვენმა კომენტარებმა და "მესიჯებმა" შემაგულიანა, რომ ეს ვქნა" - აქტივისტი ვერო მელუა, რომელსაც სახლი დაეწვა, საზოგადოებას მიმართავს

ქალების სტენდაპ შოუს ერთ-ერთი მონაწილეს და აქტივისტს ვენერო (ვერო) მელუას ოზურგეთში სახლი დაეწვა და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

"უპირველესად, ყველას დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც ჩემ და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ. ეს არასდროს დამავიწყდება.

ახლა უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიჭირს ყოველთვის: დახმარება უნდა გთხოვოთ.

განსაკუთრებით ახლა, როცა მთელი საზოგადოება პოლიტპატიმრებს და მათ ოჯახებს უჭერთ ფინანსურად მხარს, ამავდროულად კი პროტესტის მონაწილეებისთვის გამოწერილი უსამართლო ჯარიმები გაწევთ მხრებზე, ოჯახურ ვალდებულებებთან ერთად.

სწორედ ამიტომ, ძალიან მიმძიმს თქვენთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ისევ თქვენმა კომენტარებმა და მესიჯებმა შემაგულიანა, რომ ეს ვქნა.

---

სახლის დაწვის შესახებ:

დღეს, 14 ივნისს, დილის 11:00 საათისკენ მოულოდნელად გაჩნდა ცეცხლი ჩემი სახლის ჭერში, ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში. მე ამ სახლში გავიზარდე, რამე მოგონება თუ მაქვს, ყველაფერი ამ სახლს უკავშირდება.

ბებიაჩემი იყო სამზარეულოში, რომელიც შორსაა კერისგან. ჩემმა მძინარე ბიძაშვილმა გაიგონა ტკაცუნის ხმა, გამოვიდა, გააღო გვერდით ოთახის კარი და იქედან გამოვარდა ალი.

სასწრაფოდ გავიდნენ სახლიდან და რამდენიმე წუთში დაიწყო ჭერმა ჩამონგრევა და სახლი მთლიანად ცეცხლში გაეხვია. ცეცხლი გაჩნდა ჭერში, ელექტროგაყვანილობაში, რომელიც ძველი იყო.

სახლის ზედა, საცხოვრებელი ნაწილი იყო მთლიანად ხის და ცეცხლი მოედო ძალიან მარტივად. 6 საათის განმავლობაში აქრობდნენ და კი ხედავთ ჩაქრობის შემდეგ სურათს.

დაიწვა ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ძვირფასეულობა და აბსოლუტურად ყველა ნივთი, რაც გაგვაჩნდა.

ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაიწვა ფოტოები, რომლებმაც ომს გაუძლეს და გურიამდე ჩამოაღწიეს. დაიწვა ჩემი ბავშვობის ყველა სახსოვარი, დაიწვა ჩემი წიგნები. ემოციურად ძვირფასი ყველაფერი გაიყოლა ამ სახლმა და ეს გულს მიკლავს. სხვას ყველაფერს ეშველება, ამას - ვერ.

ეს სახლი 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ანუ მანამ, სანამ სოხუმი დაეცემოდა და დევნილები გავხდებოდით, ძველი პურის საცხობის შენობა იყო, სადაც ღორები სახლობდნენ.

აბსოლუტური არაფრისგან ჩემმა მშრომელმა ბებიამ და ბაბუამ იქაურობა სახლს დაამსგავსეს და მოახერხეს ის, რომ ჩვენ, ბავშვებს, არასდროს გვეგრძნო, რომ ოდესმე სახლი დავკარგეთ. თუმცა, დღეს ჩემმა ბიძაშვილმა მითხრა, ალბათ ჩვენც უნდა გამოგვეცადა სახლის დაკარგვაო და ჰო, ეგრე გამოვიდა.

---

ამჟამინდელი მდგომარეობა:

ახლა ჩემი ოჯახი ნათესავის სახლშია და იქ იქნებიან მანამ, სანამ ახალ სახლს არ ავაშენებთ.

არიან ჩემზე მხნედ და აქეთ მამშვიდებენ.

---

საჭიროებები:

მანამ, სანამ სახლის განახლებაზე და ხარჯების დათვლაზე გადავალთ, გვაქვს სასწრაფო საჭიროებები:

1. ტანსაცმელი;

2. ფეხსაცმელი;

3. საკვები;

4. რამე ტელეფონი ბებიაჩემისთვის (მისი ტელეფონი დაიწვა და მასთან კონტაქტი აუცილებლად მჭირდება აქედან).

ჩემი მიზანია, რომ 1 სექტემბერს უკვე ჩვენს სახლში ვიყოთ დაბრუნებულები.

ეს არ იქნება არც იაფი და არც მარტივი, მაგრამ ეს მინდა ვცადო და მაქვს იმედი, რომ თქვენი დახმარებით გამომივა.

არ მინდა, რომ ამ გზის გავლის ტვირთი მეორედ დააწვეთ 70-ს გადაცილებული ბებიაჩემის და ბაბუაჩემის მხრებს. ისინი ამას მართლა არ იმსახურებენ.

დღეიდან დავიწყებ თანხების შეგროვებას, რომლებსაც სასწრაფო საჭიროებების დაფარვასა და სახლის განახლებას მოვახმარ. სრული ანგარიშვალდებულებით, ცხადია.

თუ რამე თანხა განახლების შემდგომ დარჩება, წავა პოლიტპატიმრებთან და მათ ოჯახებთან.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000540136586

თიბისი: #GE94TB7169345068100043

მიმღები: ვენერა მელუა

PayPal: https://paypal.me/VeneraMelua

ისე გამოვიდა, რომ ჩემს ოჯახს გამოსდის დამწვარსა და დაფერფლილზე ფენიქსივით ხელახლა დაბადება. ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, მარტოებმა. ახლა მარტოები აღარ არიან.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ ამ ამბავში" - წერს ვერო მელუა