loader

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით?

შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას შეეხებოდა.

მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად გაავრცელებს ინფორმაციას, ეს არის მათი ფუნქცია, მათი პასუხისმგებლობა. მე შემიძლია მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ ეს ოპერაცია წარმატებით და სათანადოდ ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა, სამართლის აღსრულება, კანონის აღსრულება და ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები არიან ამაზე პასუხისმგებლები. კიდევ ერთხელ მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მე შეიძლება ვიცოდე ვიღაცაზე მეტი, მაგრამ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია და ეს კითხვები მისკენ უნდა იყოს მიმართული. ვერცერთ დეტალზე ვერ გიპასუხებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ვერსიას, რომ ბაჩიაშვილის დაკავება ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურის მოხსნასთან არის კავშირში, პრემიერის განმარტებით, ეს არის შეურაცხმყოფელი ვერსია.

„ეს არის მრავალმხრივ შეურაცხმყოფელი ვერსია და არასწორია ასეთი ვერსიების გავრცელება. ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და არანაირი ზღვარი არ აქვთ, როცა საქმე ეხება სახელმწიფოს ინტერესებს. რაც შეეხება ზურაბ პოლოლიკაშვილს, მე განვმარტე, რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერ სხვასთან არ ჰქონია შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაშია აქ რაიმე სხვა დეტალი?! ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად ეს არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა. „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.