ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს.
ცნობისთვის, 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარიდან, მალევე ამოიყვანეს კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ერთი პირი. მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილი ორი პირის ამოყვანა, ხოლო მესამე პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.