რა თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა, სანამ მას სხდომათა დარბაზშივე დააკავებდნენ
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
"გირაოს არ გადავიხდი. ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“,-განაცხადა ოქრუაშვილმა სხდომის დაწყებამდე.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.