“მხარი გაკრა თურმე შემთხვევით საწყალმა ბიჭმა ბარში ვიღაცას და ამას მოყვა ანგარისწორება. დანა რამდენჯერმე დაურტყამს" - რას ყვება ბარში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე იქვე ახლოს მომუშავე ერთ-ერთი ადამიანი
თბილისში, "რატის ბარში" მომხდარი მკვლელობის საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. როგორც ცნობილი ხდება, ამ უმძიმესი დანაშაულისთვის ძალოვნებმა ორი პირი დააკავეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ., ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის - 1980 წელს დაბადებული რ.პ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე, მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ მან არ შეატყობინა.
როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია 18 წლის ალეკო შაკიაშვილი. სასტიკი მკვლელობა დილის საათებში მოხდა. ერთი ვერსიით, ალეკომ დამნაშავეს ბარში შემთხვევით მხარი გაკრა და ამას მოყვა საქმის გარჩევა და ეს უმძიმესი დანაშაული. როგორც ამბობენ, სისხლიანი ანგარიშსწორება ბარში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს დამნაშავემ ყელის არეში და სხეულის სხვა ადგილებში დანით ჭრილობა მიაყენა.
"ძალიან მძიმე ამბავია მომხდარი. როგორც გავიგე, გამთენიისას მოხდა ეს მკვლელობა. დღეს თითქმის მთელი დღე სამართალდამცავები მუშაობდნენ ადგილზე. ამბობენ, ჩხუბი შიგნით დაიწყოო. პოლიცია რომ მოსულა, ბიჭი ძირს ეგდო თურმე, სასწრაფომ ვერ მოუსწრო ახალგაზრდას, ის ეტყობა სისხლისგან დაიცალა. დანით არის მოკლული, ყელი აქვს გამოჭრილიო. მე რომ მოვედი სამსახურში, ცხედარი უკვე გადასვენებული იყო. მხარი გაკრა თურმე შემთხვევით საწყალმა ბიჭმა ბარში ვიღაცას და ამას მოყვა ანგარისწორება. დანა რამდენჯერმე დაურტყამს", - ამბობს იქვე ახლოს მომუშავე ერთ- ერთი ადამიანი.განაგრძეთ კითხვა...