მეწყერი ჩამოწვა დღეს დილით სოფელ ბაბილთან - მასში ერთი ავტომობილი მოყვა, მგზავრები უვნებლად გადარჩნენ
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მოსახლეობას შეფერხების შესახებ აფრთხილებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის სავარაუდოდ დღის განმავლობაში მოხდება.