"გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ! ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის - ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!" - ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს და ოჯახს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა
20 აპრილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. 47 წლის გია ხაიკაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 22 აპრილს სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს. ნიკა ქუშაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს - პაატა ქუშაშვილს 376-ე მუხლის მეორე ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა) აქვს წარდგენილი, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ქუშაშვილების გვარის მამაკაცები მუხლზე დგანან და მოკლულის გვარს ასე სთხოვენ პატიებას. ვიდეოს პაატა ქუშაშვილი ავრცელებს, რომელიც წერს:
"მე პაატა ქუშაშვილი ვასაჯაროებ ამ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ნახოს...
ვინც ჩვენი ძმის - გია ხაიკაშვილის სისხლში ხელები გაისვარა, ჩვენ ქუშაშვილების გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!
ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის. აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეების ოჯახების გადასახლებასთან დაკავშირებით.
აქვე დავამატებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ გაასაჯაროოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გადასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია!
ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!
ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით, და არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს არ ყოფილა. თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა... დღეს კი ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახა, როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი. იმიტომ რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს არის მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილი. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.
ამიტომ გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება". წაიკითხეთ ვრცლად...