"განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე, დრო არის, იაქტიურეთ" - კახა კალაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ სტატუსის მქონდე სტუდენტების გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაფინანსდება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პროგრამის ფარგლებში 1 990-მდე განაცხადია შემოსული, რომლის მიღება 31 მაისამდე გაგრძელდება.
„პროგრამა, რაზეც ვსაუბრობ, შეგახსენებთ, ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლი წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შშმ სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. 5 მარტიდან დღემდე შემოვიდა 1 900-ზე მეტი განაცხადი, რომელთაგან უკვე 254 განაცხადი დაკმაყოფილდა და დაფინანსდა, თუმცა აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ინტერესი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, შემოსული 1900 განაცხადის განხილვა მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა დაკმაყოფილდება. პარალელურად, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ განაცხადების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე, შესაბამისად, დრო არის, იაქტიურეთ და წარმოადგინეთ განაცხადები.
აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის ინფორმაციის საფუძველზე 422 წარმატებული მაგისტრანტი მიიღებს თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას.“-განაცხადა კახა კალაძემ.