"სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს? შემდეგ ჯერზე ვესროლო და მოვკლა? რა უნდა გავაკეთო? - მაინტერესებს" - ნიკა გვარამია
"გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზეც", - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას მოსამართლემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არდასწრების გამო 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ გირაოს თანხა საერთოდ არ გადაიხადოს.
“მკაფიოდ ჩანდა ის, რომ კატასტროფაა პროკურატურა. უბრალოდ, ასეთ სისულელეებზეც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მოუმზადებელი, ჩემი აზრით. მოსამართლე - ეს ის შემთხვევაა, არა მხოლოდ ჩემი აზრით, არამედ ზოგადად, ყველასთან ერთი და იგივე ხდება - 10-იდან 10 შემთხვევაში დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ეს კონკრეტული მოსამართლეც არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას.
30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა და ზემოქმედება ექნება არა მარტო პირადად ჩემზე, არამედ ჩემს პარტიაზეც, ამიტომ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არ გადავიხადო”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას მიმალვის საფრთხისა და ახალი დანაშაულის ჩადენაზე, გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ არ მიმალულა, როცა 12-წლიანი მუხლი ჰქონდა წაყენებული.
მისივე თქმით, მომდევნო თვეები რეპრესიების თვეები იქნება.
“სად უნდა მივიმალო, 12-წლიანი მუხლი როცა მქონდა წაყენებული, მაშინ არ მივმალულვარ, ახლა წულუკიანის ბოდიალის გამო სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა, მეტი საქმე არა მაქვს. ასევე ახალი დანაშაულის ჩადენა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს? შემდეგ ჯერზე ვესროლო და მოვკლა? რა უნდა გავაკეთო, მაინტერესებს.
ეს თვეები იქნება დაჭერების მცდელობები და ეს რეპრესიების თვეები იქნება, განსაკუთრებით მაისი, ივნისი, ივლისი - ეს ყოველთვის ჩანს და აგვისტო ყოველთვის პიკია დაჭერების, მაგრამ, მოდით, ჩვენ არ ვიფიქროთ ამაზე, იფიქროს “ქართულმა ოცნებამ” - მათთან დაკავშირებული პროცესები ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით სადამდე შეიძლება მივიდეს. იფიქროს და ჯობია, “დაასტოპოს” დროზე იმიტომ, რომ მათთვის ძალიან ცუდ დასასრულამდე შეიძლება მივიდეს”, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.